გაბრიაძე რევაზ (რეზო) (29. VI. 1936, ქუთაისი-06. VI. 2021, თბილისი, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.), ქართვ. მხატვარი, თეატრ. და კინოს რეჟ., მწერალი და მოქანდაკე. საქ. სსრ ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979). საქ. სსრ სახ. არტ. (1987). სახელმწ. და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი. თბილ. საპატიო მოქალაქე (2016). გ. რ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურ. განყ-ბა (1964). მოგვიანებით კი მოსკ. უმაღლ. სარეჟ. და სასცენარო კურსები (1967). იგი მრავლმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და თავისი შემოქმედებით გამორჩეული შემომქმედია. გ. რ. მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (ქართ. ფილმი, 1968), „სერენადა“ (ქართ. ფილმი, 1968), „არ დაიდარდო“ (მოსფილმი, 1969), „ქვევრი“ (ქართ. ფილმი, 1970), „ფეოლა“ (ქართ. ფილმი, 1970), „შერეკილები“ (ქართ. ფილმი, 1973), „მიმინო“ (მოსფილმი, 1977), „ქინ-ძა-ძა!“ (მოსფილმი, 1987) და სხვა. გ. რ., როგორც მხატვარმა, მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: მიუნხენში - (გერმ.), საფრ. - (რენე, დიჟონი), ლოზანაში - (შვეიცარია), მოსკ. და სანქტ-პეტერბურგში - (რუს.). მისი ნამუშევრები ევრ. და ამერ. შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. კერძოდ, სანქტ-პეტერბურგის თეატრ. და მუს. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში „შადრევნის სახლში“, - ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში - (სანქტ-პეტერბურგი); ა. პუშკინის სახ. მუზეუმში - (სანქტ-პეტერბურგი); ბულატ ოკუჯავას სახლ. მუზეუმში -(პერედელკინო), ალექსი ბახრუშინის სახ. თეატრ. მუზეუმში (მოსკ.) და ა. შ. ფერწერული ნამუშევრების გარდა მხატვრის სკულპტურები ინახება ოდესასა და სანქტ-პეტერბურგში. ამავე დროს იგი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორია: საქართვ., საფრ. და რუს. გ.რ. საკუთარი სპექტაკლების პიესების ავტორი, რეჟ., მხატვარი და მუს. გამფორმებელი იყო. მოგვიანებით მისი თაოსნობით თბილ. დააარსდა მარიონეტების თეატრი (1981), რომლის პირველი სპექტაკლიც „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო. მომდევნო წლებში სპექტაკლებმა როგორებიცაა: „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (თბილ., 1982), „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“ (თბილ., 1989), „სტალინგრადი“ (საფრ., დიჟონი 1996), „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ (შვეიცარია, ლოზანა, 2002), თეატრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. გ. რ. მუშაობდა მოსკ. სერგეი ობრაზცოვის სახ. აკად. ცენტრ. თოჯინების თეატრ. სამხატვრო ხელმძ. (1994-1995). ამავე პერიოდში შვეიცარიასა და საფრ., დგამს დრამატულ სპექტაკლებს ,,სევდაა – ხეივანი დასრულდა“, ლოზანაში და „ქუთაისი“ პარიზში. ამ ორ დადგმაში მონაწილეობდნენ პიტერ ბრუკის თეატრის ცნობილი არტისტები – ნატაშა პერი, ბაკარი სანგარე და სხვები. გ. რ. დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა (2004). გ.რ.-ს თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრ. ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკ. და სხვა ქალაქებში. გ. რ.-ს პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილ. მარიონეტების თეატრ. გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული (2010). გ. რ-ს ნამუშევართა დიდი პერსონალური გამოფენა გაიხსნა მოსკ. პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების ეროვ. მუზეუმში (2012), რომელზეც მხატვრის 182 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გ. რ.-ს სარეჟისორო ნამუშევრებია: კავკასიური რომანსი (1975 ), მწვერვალთა დამპყრობლები (1977), ლიმონის ტორტი (1977), კოჯრის ტყის სიზმრები (მარიონეტული) (1978). გ. რ.-ს მიერ დაწერილი სცენარებია: სერენადა( 1968 ), არაჩვეულებრივი გამოფენა (1968 ), არ დაიდარდო! (1969), ფეოლა (1970), ქვევრი (1971), თეთრი ქვები (1972 ), შერეკილები (1973 ), წყარო გზის პირას (1974), ნიძლავი (1974), ვალსი მთაწმინდაზე (1975), კავკასიური რომანსი (1975), კიბე (1975), შაბათი საღამო (1975), მოხეტიალე რაინდები (1975), სიუიტა (1976), თერმომეტრი (1976), სამი მანეთი (1976), პეპელა (1977), მიმინო (1977), მწვერვალთა დამპყრობნი (1977), ლიმონის ტორტი (1978), სიყვარული, ხანძარი და პომპიერო (1978), სათადარიგო ბორბალი (1978), სამი სასიძო (1978 ), კოჯრის ტყის სიზმრები (მარიონეტული) (1978), დიუმა კავკასიაში (1979), წარმატება (იღბალი) (1980), ჩვენი ბავშვობის ფეხბურთი (1984), ქინ-ძა-ძა! (1986), პასპორტი (1990), კუ! ქინ-ძა-ძა (2013) და ა.შ. გ. რ. დაჯილდოებულია: საპატიო ნიშნის ორდენით (1976 ), საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწის (1979 ), საქართვ. სახ. არტისტის (1987 ), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიით (1989), სსრკ სახელმწიფო პრემიით (1989), ღირსების ორდენით (1996), ილიას მედლით „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ ქართ. კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის (2017), ის (2016), საქართვ. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. იყო - საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტ-რის ორდენის კომანდორი, ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფის, „ოქროს ნიღბის“ (1997, მოსკ.), „ოქროს სოფიტისა“ (1997, მოსკ.), და ცარსკოე სელოს პრემიით (1997, პეტერბურგი).